ქა РУ
ბოდბის მონასტერი-სიღნაღი
>> ერთდღიანი ტურები

მოსანახულებელი ადგილები:

* ბოდბის მონასტერი

* სიღნაღი

 

მარშრუტის სიგრძე - 120 კმ (ერთი მიმართულებით)

ტურის ხანგძლივობა - 1 დღე

სირთულე - მარტივი

სატრანსპორტო საშუალება: Mercedes-Benz Sprinter, Mini Veni.

ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 2 საათი (ერთი მიმართულებით)

 

ტურის ღირებულებაში შედის:

* ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით

* პროფესიონალი გიდის მომსახურეობა

* კომპანია „Nice Tours“ სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება

* ჯგუფური ფოტოების გადაღება

* ღვინის დეგუსტაცია

 

ღირსშესანიშნაობები:

კახეთი ცნობილია ვენახებით და ღვინის დაყენების უნიკალური წეს-ჩვეულებებით. აქ უნიკალური კლიმატია, იმისათვის რომ ყურძენი კარგად დამწიფდეს. დილის ნისლი და მაღალი კავკასიონის მთებიდან მოჩქეფარე უხვი მდინარეები ავსებს მათ მკაფიო არომატით.

კახეთში ღვინის ისტორია ძველი წელთაღრიცხვით მე-5 ათასწლეულიდან იწყება. ყურძნის კვალი, რომელიც აღმოაჩინეს არქეოლოგებმა საქართველოს ტერიტორიაზე არის უძველესი მსოფლიოში. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ღვინის კულტურა უხსოვარი დროიდან არსებობს და მართებულია საქართველოს ღვინის სამშობლო ეწოდებოდეს. ასევე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, უზარმაზარი ქვევრები, ოქროს ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. მსოფლიოში ცნობილი 2.000 ყურძნის ჯიშიდან 525 ქართულია, აქედან 30-მდე აბორიგენული ჯიში გამიყენება მეღვინეობაში, დანარჩენი კი ქართული მეღვინეობის ამოუწურავი რეზერვია.

ღვინის ისტორია განუყოფელია კახეთის ისტორიისაგან. ის იყო და არის საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი ფაქტორი, ამიტომ არ შეიძლება მისი უბრალო სასმელად აღქმა. ღვინო არის კახური ტრადიცების, კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. იგი არა მხოლოდ სიცოცხლის და მხიარულების წყაროა, არამედ საკრალური მნიშვნელობაც აქვს. საუკუნეების მანძილზე კახელი ხალხი სიყვარულით უვლიდა ვაზს, ქმნიდა და თაობიდან თაობას გადასცემდა სულ უფრო სრულყოფილ აგროტექნიკასა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას. მეღვინეობა დღესაც ვითარდება და უამრავ ღვინის გურმანს იზიდავს კახეთში.

 

ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო. დაბა „ბოდბისი“ უფალმა ჯერ კიდევ წმიდა ნინოს სიცოცხლეში განადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი. და იმ დროიდან მოყოლებული წმიდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების ცხოველ წყაროდ იქცა ქართველი ერისათვის.

 

14 წლის იყო წმიდა ნინო, როცა ღვთისმშობლის ბრძანებით მისი წილხვედრი ქვეყნისკენ გამოემართა. აქ მან მრავალი ცრემლით, ლოცვითა და მკაცრი მოღვაწეობით სრულყო თავისი მოციქულებრივი ღვაწლი და წარმართობის ნისლით დაფარული ერი ჭეშმარიტების ნათელს აზიარა.

 

 

წმინდა ნინოს დროიდან მოკიდებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა.

 

V ს. ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი, ხოლო სამნავიანი ბაზილიკის სახე მან VIII-IX ს.ს. მიიღო.

 

XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის მეფობის ხანაში, კიდევ ერთხელ შეიმკო წმიდა ნინოს განსასვენებლი.

 

მოციქულთა სწორის საფლავი იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმა, რომლებმაც მიწასთან გაასწორეთ მთელი ქვეყანა, დაუნგრეველ-აუოხრებელი დატოვეს მხოლოდ ბოდბის ტაძარი, თუმცა ისიც არა უვნებლად.

 

შუა საუკუნეებში ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახთა მეფეები. სხვათა შორის, ბოდბის ტაძარში თეიმურაზ I-ის აღსაყდრებას თავად შაჰ-აბასიც კი დასწრებია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რამდენიმე წლის შემდეგ იავარეყო მონასტერი, რომლის აღდგენასაც შემდგომ დიდი ღვაწლი თავად მეფე თეიმურაზ I-მა დასდო.

 

 

ბოდბის მონასტერი ოდითგანვე არა მარტო სულიერ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერასაც წარმოადგენდა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ბოდბეში საკმაოდ მრავალრიცხოვანი მამათა მონასტერი არსებობდა.

 

 

თბილისიდან ასიოდე კილომეტრის სავალზე მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ციხე-ქალაქი სიღნაღი. იგი წარმოადგენს კახეთის ულამაზესი კუთხს ქიზიყის გულს. ქალაქი შეფენილია ცივ-გომბორის ქედზე, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმღლეზე.

          სახელწოდება სიღნაღი წარმოსდგება თურქული სიტყვიდან და თავშესაფარს ნიშნავს. აქ ძველთაგანვე ყოფილა ციხე-სიმაგრე, რომელსაც იყენებდნენ როგორც მოსახლეობის, ასევე პირუტყვის თავშესაფრად. ქალაქ სიღნაღისა და სიღნაღის ციხე-სიმაგრის ისტორია განუყრელადაა დაკავშირებული მეფე ერეკლე II-ის სახელთან, რომელმაც ,,განაახლა.... გალავანი სიღნაღისა” და მას მთავარი როლი დააკისრა ლეკებისა, ოსმალ-ყიზილბაშებისგან თავის დასაცავად. ერეკლე II-მ მოახდინა სიღნაღის გალავნის გენერალური რეკონტრუქცია, გაამაგრა კედლები და შეუხამა იმ დროის მოთხოვნებს.

 

 ბოლო წლებში საქარველოს კულტურის სამინისტროსა და პრეზიდენტის მხარდაჭერით განხორციელდა სიღნაღის რეაბილიტაცია. აშენდა სასტუმროები, რამდენიმე ახალი რესტორანი და კვების ობიექტი, შეიცვალა ინფრასტუქტურა, მოპირკეთდა ქუჩები, ასევე შენობებს დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახე. ასევე აშენდა სიღნაღის მუზეუმი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.